***********************
რა განცდაა წლების მერე
დედა როცა შვილებს ხვდება?
ვისაც არ გამოუცდია,
ის ამ ტკივილს ვერ მიხვდება.
რა განცდაა თვითმფრინავი
როცა უკვე ტრაპთან დგება?
კარებს უკან მომლოდინე
დედის გული ზეცას სწვდება.
უხშირდება მკერდში სუნთქვა,
უჩქარდება მაჯისცემა,
ფიქრობს, იქნებ გამიჭირდეს
მგზავრთა შორის მათი ცნობა.
განა ამის ასახსნელად
სევდიანი ლექსი კმარა?
დედა შვილებს იხუტებს და
ცრემლები სდის ღვარა-ღვარად.
ნაცნობი თუ უცნობები,
მათი ცრემლის მოწმე ხდება.
"სად დავკარგე შვილო წლები,"
ქვითინებს და მოსთქვამს დედა.
აკვირდება სახის ნაკვთებს,
სიმაღლეშიც ვეღარ სწვდება,
პირტიტველა რომ დატოვა,
დღეს ვაჟკაცი შვილი ხვდება.
რა განცდაა მონატრება,
დედა როცა შვილებს ხვდება?
ემიგრანტი დედის ცრემლი,
რომ ვაგროვო ტბად დადგება.
რა ადვილად იტყვის ზოგი,
აუგსა და სიტყვას მწარეს,
დაუფიქრდით ყოველ ნათქვამს,
ნუ გაუჩენთ გულში ბზარებს.
დედა-შვილის მონატრება
კივილია სულის ცამდე,
ვერ აგიხსნით რა განცდაა,
თავად თუ არ გამოსცადეთ.
მარინა ყიფიანი
20.02.2020
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев