რაა ეს მუზა, გრძნობების მძივი,
ნაკოწიწები ბეწვის ძაფებით,
მტვერდადებული ოცნების სკივრი
გადამალული ძველი შარფებით?
მუზაა ყველა შედევრის მქმნელი,
ღმერთმა რომ პოეტს იმ წუთში უძღვნა,
თვით ხელოვანის შეგრძნების მხსნელი
და სასიცოცხლოდ სიჩუმის ბურღვა.
ზოგჯერ განცდილით გაღება გულის,
სულის წიაღში ნაგროვი სევდით,
ამოფეთქება ალებად რულის,
გამოფხიზლება ნათმობი ელდით.
მუზა, ცხოვრების ტკბილი შარბათი,
ზოგჯერ მდინარე ცრემლის ნაკადით,
სიცოცხლის ბოლოს დიდი შაბათი
და ზოგჯერ თვალში მწველი ნაკაფით.
აჭრელებული ფურცლების დასტა,
მათზე ლაქებად ნარჩენი განცდა,
სიტყვებად შენი სურნელი დამცდა,
რომ დამეკარგა და ბევრით ამცდა.
თუმცა, ოცნებებს ისევ ვწერ ლექსად,
ჩემს თვალწინ ნათლად მუდამ შენ დგახარ,
ვიცი, ვერ ვპოვებ მიზეზებს ვერსად...
რად არ მოგძებნო, გულთან მზედ მყავხარ...
,,ეთო". აპრილი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев