ჩვენი შეჯიბრება, როგორ დავწერო და
ვქიშპობდით, - მიყვარდი, გიყვარდი,
მე რომ არ მწყენოდა, შენ რომ არ გწყენოდა,
საფიქრალს გულებში ვიკლავდით.
ზოგჯერ მონატრებით უღვთოდ დაღლილები,
დავკეცდით ბილიკებს - ნათელებს,
მე თუ ჩამომქონდა მთიდან ყვავილები,
შენ ბოკვრებს მახვედრებდი ჯანმრთელებს.
ვდუღდით, შორი ჩანდა ტრფობის დაღვინება,
ვხარობდით ჩემთან- შენ, შენთან- მე,
თბილად მოფერებას, თბილად გაღიმებას,
ყოველთვის ვასწრებდით ერთმანეთს.
ნეტავ, მორჩენის გზა, ვდარდობ, საით არის,
კეთილო, იების დობილავ,
რატომ დამიმალე ? რატომ არ მითხარი ?
სიკვდილიც დასწრებაზე ყოფილა... ..
გელა დაიაური