მე ის ქალი ვარ, შენ რომ ცხრა თვე
მუცლით გატარა.
ჯერ უნახავიც რომ უყვარდი
ჩემო პატარა.
შენი დედა ვარ, შენი სუნთქვის,
ღიმილის მცველი.
სულს რომ მითუთქავს შენს თვალებზე
პატარა ცრემლი...
ჩემი ლხენა ხარ,გათენება,
ცისკარი დილის.
ჩემი შვება ხარ, სიხარული-
შენ,ჩემი შვილი!..
შენ ხარ, ვისთვისაც სამყაროზე
ცოტა დიდი ვარ
და მუხლმოყრილი სალოცავად
ღმერთთან მივდივარ...
რომ შენმა წლებმა სიხარულის
გზებით გატაროს.
რომ შენ ვერავინ გაწყენინოს
შვილო-არასდროს!..
დალოცვილი ხარ დედის გულით,
გონებით, არსით.
დედის სულიდან აწეული
ფიალით, თასით...
დედის ხელიდან დარწეული
აკვნის სიკეთით,
ანგელოზების ფრთების მსგავსი
დღეთა სითეთრით...
რადგან დედა ვარ, შენ რომ ცხრა თვე
მუცლით გატარა,
ჯერ უნახავიც რომ უყვარდი
ჩემო პატარა!..
/ ია ნანეიშვილი /
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев