სოფელში, როდესაც ჩავიდოდი, ხან კუხნის წინკარში დამჯდარი დამხვდებოდა, ხმელი ბამბუკის ჯოხით ხელში, ხანაც ბოსტანში მოფუსფუსე. აბრეშუმის გრძელი კაბის წინა, განიერ ჯიბეში ყოველთვის ეყარა ტკბილეული, კაკალი, თხილი, კარალიოკის ჩირი, მალინა და სხვა ნობათი, რომელსაც მისვლისთანავე მომაწვდიდა: -ჭამე, ბებომ გენაცვალოსო.
ოთხმოც წელს მიღწეულს მაღალი წნევები აწუხებდა. საწოლზე წამოწვებოდა და მალევე ჩათვლემდა. როცა მშვიდად ეძინა, შეშინებულს ხშირად გამიღვიძებია. თვალებს დაჭყეტდა და უკვე გამოფხიზლებული მკითხავდა:
- რა მოხდა ბებია, ხომ მშვიდობა გვაქვსო?!
- არაფერი, ისე გაგაღვიძე- მეთქი, ვუპასუხებდი უხერხულობის განცდით.
ერთხელ, როდესაც გავაღვიძე, რბილი გაბრაზებით მისაყვედურა: - ბიჭო რატომ მაღვიძებ ხოლმე, ნუ გეშინია, ჩემითაც გამეღვიძებაო.
ერთ-ერთ მეგობარს ბებია გარდაეცვალა, ძილში გაპარულა ცხონებული. მას შემდეგ შიში დამჩემდა, რომ ბებიაჩემსაც იგივე არ მოსვლოდა.
ერთ დღესაც მის ოთახში შევიხედე, თავის საწოლზე იწვა, ისე მშვიდად ეძინა, საბანი ოდნავ არ ირხეოდა, გეგონებოდა ძილისას არ სუნთქავსო. მაშინ ბოლოჯერ ვცადე მისი გაღვიძება, ვთხოვე, მაგრამ თვალები ვერ გაახილა. ის, თურმე მაშინ მართლა არ სუნთქავდა.
დამიჯერეთ, ვისაც ბებიის სითბო და სიყვარული არ უგრძვნია, ის შვილიშვილიც არასდროს ყოფილა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев