ევროკავშირმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც 2024 წლის ივლისიდან შევა ძალაში. ამ რეგულაციის თანახმად, ამიერიდან ყველა ახალ მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქ სატვირთოსა თუ ფურგონს „შავი ყუთები“ ექნებათ, რათა ავარიის შემთხვევაში სპეციალისტებმა მიზეზები ზუსტად დაადგინონ - ისე, როგორც ეს თვითმფრინავების შემთხვევაში ხდება. ერთადერთი განსხვავება თვითმფრინავებისგან ისაა, რომ ავტომობილების „შავი ყუთები“ ხმას არ ჩაიწერს. გარდა ამისა, მოწყობილობა არ იქნება დაკავშირებული არცერთ დისტანციურ სისტემასთან და მონაცემების წაკითხვა მხოლოდ მანქანიდან „შავი ყუთის“ ამოღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.