ჩემს ქოხში მოთოვს...
ქოხში, რომელიც აღარ არის
ისე მკვიდრი, როგორიც ერთ დროს,
იქ, სადაც უკვე უმოწყალოდ
შებღალულა რწმენის კედლები,კედლებს არ ათბობს სიყვარული
და ბუხარში არ იწვის ვნება,
ძველ ცხაურივით დახვრეტილა,
ჩამოშლილა იმედის ჭერი.
ჩემს ქოხში ცივა, ისე ცივა,
ისე ძლიერ, როგორც არასდროს,
აუხდენელი ოცნებებით
და სიზმრებით გადაღლილ ქოხში,
იქ, სადაც ახლა ოდნავ ბჟუტავს,
ხანაც ბოლავს ლამპარში სევდა
და ძველი სკივრი გავსებულა
ფერგადასულ მოგონებებით.
მოდის ავდარი... ჩემი ქოხი
დიდ ქარიშხალს ვეღარ გაუძლებს,
ქანაობს ქარში და ჭრიალებს
ეჭვის ჭიით შეჭმული კარი,
მე ვზივარ... ვუცდი თოვლის მოსვლას
ისე მშვიდად... ვიცი, ითოვებს,
და სიმარტოვე - ბებერი ძაღლი
წევს ერთგულად სადარაჯოზე.
ჩემს ქოხში მოთოვს