♡ ♡ ♡
ადამიანო, თავის ხატად შეგქმნა უფალმა,
მოგცა გონება და წყალობა, დიდზე
დიადი,
უნდა იბრძოლო, უნდა შეძლო მტერიც გიყვარდეს,
სიკეთის ნათლით მიმოფანტო
ჯავრის წყვდიადი.
უნდა იარო, არ შეჩერდე, თუნდაც გატკინონ,
ეს ცხოვრება ხომ
საცალფეხო ბეწვის ხიდია,
სულის ტკივილი სიხარულად გადააქციო,
კაცი მაშინ ხარ,
პატიება თუ შეგიძლია.
შენი სინდისი მსაჯულია ყველაზე დიდი
და სწორედ მასთან
პირნათელმა უნდა იარო,
ხალხი რას იტყვის? არ იდარდო, ენა უძვლოა,
რაც უნდი ის
თქვას, ღმერთს უყურე ადამიანო!
თუმცა რთულია, ლამაზია მაინც
სიცოცხლე,
მოგვმადლე რწმენა, განგვამტკიცე ღმერთო, ძლიერო,
მაშ გაუმარჯოს,
ბეწვის ხიდზე გავლილ სიცოცხლეს,
და ღალატისთვის გადაუხდელ სამაგიეროს!
/ნანა მეტრეველი/
"კაცი თუ ხარ,თუ ატარებ კაცის სახელს,
თუ გახურავს, თავზე ქუდი ნამუსის,
გადამწყვეტი, საქმიანი სიტყვა თუ გაქვს,
ერთხელ ითქვას და წერტილი დაუსვი.
ქალის ფასი თუ არასდროს შეგეშლება,
თუ არ იქენ მოღალატე, გამცემი,
ქალი ცამდე აგიყვანს და აგაღმერთებს,
მაგრამ ძირსაც გეშინოდეს დაცემის.
ბევრჯერ ჩუმად ატირდება მოთმინებით,
გაჭირვებას ბევრჯერ შეერკინება
და თუ სახელს შეულახავ, არ დაგინდობს,
სიყვარულსაც ცოცხლად შეეწირება.
ქალის გული თუ დაიმსხვრა სამუდამოდ,
გამთელებას ნუღარ დაელოდები,
თუ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გადაუქცევ,
გულის ადგილს გადაფარავს ლოდები.
კაცი თუ ხარ, ნურაფერი შეგეშლება,
ქონებისთვის ქალს ნუ დაემონები,
ქალი ერთხელ თუ წავიდა შენს გულიდან,
დაბრუნებას ნუღარ დაელოდები.."