ცივი კადრები
***
აქ, არც იებია და არც კესანები, უკან დააბრუნეს თითქოს დედამიწა,
ჩვეულებისამებრ, არც ვის ესალმები,
ყველა დაივიწყე, ყველამ დაგივიწყა.
აქ, არც სცენა არის და არც პარტერები,ზამთრის ამინდებიც ისე მარტივია,
ზეცას არ სწყდებიან დიდი ფანტელები,
შეყვარებულები მგონი არც სტირიან.
აქ, არც სიძველეა და არც შენი შარა, აღარც ტანაყრილი ძველი ჭადრებია,
მგონი ეს მუზებიც სულ მთლად შეიშალა,
რადგან ირგვლივ მხოლოდ ცივი კადრებია..
ღია სარკმელიდან არვინ გელოდება, რადგან არც გიცნობენ, არც ვის ესალმები,
მხოლოდ უფერული დღენი მეორდება,
აქ, არც იებია და არც კესანები...
/ნანა მეფარიშვილი/