ზემო კახეთში, ალაზნის პირას,
ჩემი სოფელი ალვანი ფეთქავს,
მის ფართო მკერდზე თუშური ეშხით
ახალ ცხოვრებით უმღერის ხე-ქვაც.
ცხრა ქუჩა ამკობს ჩემს მყუდრო სოფელს,
ვით ცხრა ნაწნავი ლამაზის ტანსა,
წითელ ლოყებში მზე უღიტინებს
კახურ ბაღებში ვაშლს და ატამსა.
მზის ჩასვლის მხარეს ბახტრიონი დგას,
შეხედავ, წუთით გაირინდები,
და უცებ თვალწინ გაგიშრიალებს
გაფრინდაულის ჩოხის კალთები.
თუ გახვალ სოფლის აღმოსავლეთით,
წინ შემოგვხდება ტახტის ბოგირი,
სადაც ზეზვაის საღარა მერანს
დაეგო მარად მიწის ლოგინი.
გახედავ სამხრეთს, თვალი ვერ ძღება
გომბორის მთების ზღაპრულ ფერებით
და ფრთებმობმული, ამ ლამაზ კუთხეს,
დედას შვილივით აედევნები.
ჩრდილოეთიდან კავკასიონი
უმზერს ჩემს სოფელს მწვანე თვალებით,
სადაც ნე